თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

რექტორი

ანზორ ილიას ძე შარაშენიძე - თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი დაიბადა 1949 წელს. წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის ელექტრო-ტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტის ასპირანტურა. არის მრავალი წიგნისა და მონოგრაფიის ავტორი და თანაავტორი. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სტატია და სამეცნიერო ნაშრომი, მისი კვლევის ძირითადი სფეროა ტელეკომუნიკაციის საკითხები.

ჩვენო მომავალო მეგობრებო! დიდი ბედნიერებაა მუშაობდე და იღვწოდე ახალგაზრდობისათვის. ეს მაძლევს უფლებას, საქართველოს ჭაბუკებსა და ქალიშვილებს მოგმართოთ და გესაუბროთ გულახდილად XXI საუკუნეში განათლების გარეშე ყოფნა რომ შეუძლებელია, ეს არავისთვის არ უნდა იყოს გასაკვირი. მიმდინარე საუკუნე პროფესიონალიზმის საუკუნეა! ინტერნეტი და ტექნიკის სხვა უახლესი შესაძლებლობანი გვკარნახობს, - არ ჩამოვრჩეთ დროს! ქართველი ახალგაზრდობა ჭკუითა და ნიჭით გამოირჩევა. ამას ადასტურებს ჩვენი მოსწავლეებისა თუ სტუდენტების მონაწილეობის თვალსაჩინო შედეგები საერთაშორისო გამოფენებსა თუ სამეცნიერო - პრაქტიკულ კონფერენციებში, სპორტულ ღონისძიებებში . . . მაგრამ ბუნებრივ ნიჭს, ჭკუას, ფიზიკურ მონაცემებს სწავლა, ცოდნის მიღება, წვრთნა სჭირდება. ზუსტად ამ შემთხვევის გამო ამბობს დიდი ილია: „ღონიერი და ჭირთამძლევი ის არის, ვისაც ჭკუა ცოდნით მოუნათლავს, ცოდნით აუყვავებია, ცოდნის ძუძუთი გაუზრდია“ .

ილიას რჩევა, ილიას დარიგება მარტო ახალგაზრდობას არ ეკუთვნის, არამედ ჩვენც, თქვენს აღმზრდელებს. ჩვენი უნივერსიტეტის პედაგოგთა კორპუსის მთავარზე მთავარი მიზანია, რომ სასწავლებლად ჩვენთან მოსული ახალგაზრდობა, მართლაც, ცოდნის ძუძუთი გავზარდოთ. ღმერთია მოწმე, ამისათვის არაფერი გვენანება. ჩვენთან ასწავლიან საუკეთესო სპეციალისტები, გვაქვს ცალკეული სპეციალობებისათვის უაღრესად სრულყოფილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, საკუთარი გაზეთი და პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი „აღმაშენებელი“ . სტუდენტთა დარბაზი, რომელიც წლების მანძილზე საინტერესო საზოგადოებრივ საქმიანობას ახორციელებს. ასე რომ, თუ ჩვენთან სასწავლებლად მოსვლას გადაწყვეტთ, ჩვენ სიამოვნებით მიგიღებთ.

ანზორ შარაშენიძის ღირსების ორდენით დაჯილდოვების შესახებ

              2002 წლის 9 ნოემბერი                

 ქ.თბილისი  

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება

სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში, სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვისა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაში პირადი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საქველმოქმედო საქმიანობისათვის თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ანზორ შარაშენიძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.